პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელების მხარდაჭერით გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.
კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მეორე ტურში არაფერია ტრაგიკული და პირიქით მეტი მოტივაციაა.
„მეორე ტურს რაც შეეხება, აქ ტრაგიკული ნამდვილად არაფერი არ არის. კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრებულიყო, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებ მეორე ტურისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ მივიყვანთ გამარჯვებას", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძე ფიქრობს, რომ თბილისელებს მარტივი არჩევანი აქვთ: არჩევანი უნდა გააკეთონ სიბნელესა და სინათლეს შორის.
„მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ძალიან კარგად ხედავს, რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე გულწრფელად ვამბობ, არ ვტრაბახობ არაფერს. ამის თქმის საშულებას მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის განხორციელებული პროექტები, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ძალა, ვისაც ექნება თბილისელების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა იხილონ.
არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის. მეორე მხარეს არის ბოროტება, სიძულვილი, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, შესაბამისად, ძალიან მარტივია არჩევანი გავაკეთოთ.
დღეს, რაც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და აღმშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.