იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ დაასრულონ სიძულვილის ენა და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდონ. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებით, ოპოზიცია სააკაშვილისა და სხვა პატიმრებისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.
„როგორც ადრე ვთქვი და მრავალჯერ გამიმეორებია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სათანადო დონეზე დაცული. ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ და ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს სათანადოდ დაცული. აქვე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ აქვე დაასრულონ ეს სიძულვილის ენა და საზოგადოებას მოუწოდონ სიმშვიდისაკენ, ნაცვლად იმ რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამის უფლებას ვერავის ვერ მივცემთ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
დღეს 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.