ჩვენი შეფასებით, აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრაზე.
„აშკარაა, რომ რუსი სამშვიდობო ძალები და რუსეთის ფედერაცია მთავარ როლს თამაშობენ ვითარების სტაბილიზაციაში მთიან ყარაბაღში და ზოგადად რეგიონში, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სიტუაცია არ არის ისეთი სტაბილური, როგორც ჩვენ გვსურს. 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა. ინციდენტები იყო, როგორც მთიან ყარაბაღში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ჩვენი შეფასებით, აზერბაიჯანის ჯარი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა. რა თქმა უნდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები არ არის დემარკირებული, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი არსებობს - ეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიაა“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 10 - დაიჭრა.