“მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წ. შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკავიშვილის მოწყობილად თუ გამოაცხადებს კვლავ, ამით გამოძვრება. ეს არც წესიერი და არც ჭკვიანური არ არის. მეტს ჯერ არ ვიტყვი. ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა.” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვას.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. სადაც მსჯავრდებული საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდა.
8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. სადაც შიმშილობის დასრულების შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”