რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსული წარმოების, „კოვიდ-19“-ის ვაქცინას ავტორიზაციას მისცემს. მისი აზრით, აღნიშნული პროცედურა, ვაქცინის უფრო გლობალურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია.
პუტინმა, „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტთან - ფრანჩესკო როკასთან საუბრისას, ასევე აღნიშნა, რომ ფედერაცია ვაქცინის ადმინისტრირების არეალის გაზრდას გეგმავს, რაც თავისუფალი გადაადგილების პრობლემებს მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს მსოფლიოში. შეხვედრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ბუსტერდოზით“ იმუნიზების შემდეგ, მან „სპუტნიკის“ პრეპარატის ნაზალური ვერსიაც მიიღო.
ვლადიმერ პუტინი „სპუტნიკის“ ვაქცინით მიმდინარე წლის გაზაფხულზე აიცრა, ხოლო „ბუსტერდოზა“ იგივე პრეპარატით გასულ თვეს გაუკეთდა.
ამ ეტაპზე ჯანმოს პოზიცია „სპუტნიკის“ ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით უცნობია. მათ, ვისაც იმუნიზაცია ხსენებული ვაქცინით ჩაუტარდათ, ამ დრომდე თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.