ბრტყელტერფიანობა მთელ მსოფლიოში ტერფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. შესაძლოა, ეს არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, სიმძიმეების ტარებას ან ისეთ პროფესიას უკავშირდებოდეს, რომელიც ფეხზე დიდხანს დგომას მოითხოვს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ამ პრობლემის დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. შესაბამისად, ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასზე მთელი დღის განმავლობაში დიდი დატვირთვა მოდის. ამიტომ მასთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებებსაც იწვევს. ხშირად, თუ პრობლემა ტერფს სცილდება, გამომწვევ მიზეზად მას საერთოდ არ განიხილავენ. ამიტომ, ამ დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს - ეს შესაძლოა, სხვა დაავადებების პრევენციის საფუძველი გახდეს.
როგორ მკურნალობენ ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობის მართვა შესაძლოა კომპლექსური მეთოდით - ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ამ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია სუპინატორების ტარება. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას. შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორეგირდება. ასევე ეფექტურია სუპინატორის ტარება ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროს, როგორიცაა - სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. მას აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება.