„მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, 23 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის სუსტად და მნიშვნელოვნადაა დაკლებული წონაში.
„ის არის სუსტად. სამედიცინო მიმართულებით კომენტარებს არ გავაკეთებ, მე შემიძლია გითხრათ რას ვხედავ. არის სუსტად, არის წონაში დაკლებული და მნიშვნელოვნად ეტყობა ეს ყველაფერი. არ შიმშილობს ცხადია, მაგრამ ვერ ჭამს. სამ მეოთხედზე მეტს ვერ ითვისებს საკვებს და ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი. ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ის ისე სუსტად არის, რომ ფიქრობს 23-ში სასამართლოზე მისვლას, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი პოზიცია იყო, რომ ამ ვითარებაში, თუ ის ასე იქნა, ჯობია, რომ ამისგან თავი შეიკავოს რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს და გასაგებია რა მიზანიც აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეზე დიდი მიზანი, ჩემი აზრით, არ არსებობს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება რეკონსილიაციის პროცესს და ამასთან დაკავშირებით ცოტა ხანში სპეციალური განცხადება მის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდება.
„ასევე, იგი მიესალმება იმას, რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებულ იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში ყველა მიმართულებით, მაგრამ რეკონსილიაციის პარალელურად, იგი მიიჩნევს რომ მნიშვნელოვანია ხალხმრავალი მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ, ის თვლის რომ 21-ში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და მშვიდობიანად დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები. ის ამას მიიჩნევს სავსებით თავსებადად რეკონსილიაციის პროცესთან და პირიქით, თვლის, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს რეკონსილიაციის პროცესს და სწორ გადაწყვეტილებას საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით“, - აღნიშნავს გვარამია.