“ნაცმოძრაობა” 2012 წელს რომ გაესამართლებინათ, ახლა “ოცნება” ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იქნებოდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
სოსო ცინცაძე: შორს რომ არ წავიდეთ, ერდოღანის მაგალითი ავიღოთ. ის ციხეში იჯდა 1999 წელს, რამდენიმე თვე – 5 თუ 6 თვე იყო ციხეში მწვავე ბრალდებით – ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღვივების ბრალდებით. მას პარტია აუკრძალეს. შემდეგ გამოვიდა ციხიდან და ახალი პარტია შექმნა. დიდი ხანი ჯერ პრემიერი იყო და მერე პრეზიდენტი გახდა.
საქართველოში პიროვნული ფაქტორი ხშირად გადამწყვეტია, ამიტომ სააკაშვილს შეუძლია ახალი პარტია შექმნას. „ოცნება“ როდესაც მოვიდა – 2012 წელს და სუფთა იყო, არ არსებობდა პრეტენზიები და მოვიდა როგორც მხსნელი, მაშინ რომ გაესამართლებინა და პარტია აეკრძალა, სულ სხვანაირი რეალობა შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს უკვე დაკარგა „ოცნებამ“ ის შარმი, რაც 2012-ში ჰქონდა. შეიძლება ობიექტური ფაქტორებიც იყო, მაგრამ მოსახლეობის სიმპათია მის მიმართ სულ სხვაგვარია. თანაც წარსულისადმი მეხსიერება მცირდება დროთა განმავლობაში და დღევანდელი რეალობის მიმართ ინტერესი იზრდება. ბუნებრივი პროცესია. ხალხს ავიწყდება, რა იყო 15 წლის წინ და სულ უფრო მწვავედ განიცდიან იმას, რაც ხდება დღეს.
კიდევ ვიმეორებ, 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ რომ გასამართლებულიყო, „ოცნება“ დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იქნებოდა. დღეს სააკაშვილის პრობლემის გადაჭრის გარეშე შერიგება საერთოდ შეუძლებლად მიმაჩნია.
_ სააკაშვილი თავისუფლებაზე თუ არ იქნება, შერიგება გამორიცხულია?
_ მე ძნელად წარმომიდგენია. გამორიცხული არაფერია ამ ქვეყანაზე. ისეთი რაღაცები ვნახეთ, რაც ვერასოდეს წარმოგვედგინა. ვინ წარმოიდგენდა 3 წლის წინ, რომ ასეთი უბედურება – კოვიდი დაგვესხმოდა თავს?! გამორიცხული არაფერია, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია.