საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
როგორც თუთბერიძე აცხადებს, მათ შორის ბარიერები ისევ არსებობს და ვერ ხდება სრულყოფილი კომუნიკაცია.
„კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს, ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხების მიღებას. ამას აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მათ შორის ადვოკატებთან და საზოგადოებასთან. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. ის წონაში დაკლებულია და სუსტად არის. ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მასთან არ უშვებენ პირად ექიმს, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.