ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კომენტარში მძიმეს უწოდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება აზიანებს არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიას, არამედ აფერხებს მას ევროინტეგრაციის გზაზე.
„აგრძელებს იმ ხაზს, რაზედაც ვსაუბრობ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რატომ გატარდა ეს რეფორმა ასე სწრაფად და გაუმჭვირვალედ და ღრმა ანალიზის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის, ასევე განსხვავებული აზრისა და საზედამხედველო უწყებისთვის სამაგიეროს გადახდა, დასჯა და მისი ხელმძღვანელების გათავისუფლება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ეს არის უკანა ნაბიჯი დემოკრატიისკენ გზაზე და ეს ძალიან შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. არ ვიცი, ამაზე მძიმე განცხადება როგორ უნდა გააკეთოს საელჩომ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მისი განცხადებით, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ მიეცემა ერთი შანსი“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.