ალერგოლოგ იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19 ენდემიური ფაზის ვირუსი არ არის და შესაძლოა, ამისთვის კიდევ რამდენიმე თვე გახდეს საჭირო. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საკითხის ისე განხილვა, რომ ვირუსს პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, არასწორია.
ექიმი ამბობს, რომ ვირუსს ჯერ კიდევ შეუძლია ადამიანები მოკლას და სამედიცინო დაწესებულებაში მოახვედროს.
„განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდეს.
ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები. ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში“, - განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ბიძინა კულუმბეგოვმა.