„ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად მაღალი ინფიცირებისა პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება.
„ომიკრონს“ ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე დელტას, მაგრამ თუ შემთხვევები 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი იქნება, მაშინ მძიმე შემთხვევებიც მეტი იქნება და სამწუხაროდ, გარდაცვალებების შემთხვევებიც მოიმატებს, ასეა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 20-21 იანვარს აშშ-ში დაფიქსირდა 2 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, რაც ბოლო ერთი წელია იქ არ ყოფილა.
ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება. კიდევ უფრო მეტი თუ იქნება, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს შესაბამის რეაგირებას, გამოინახება დამატებითი რესურსები, ასე რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და ითანამშრომლოს ჯანდაცვის ორგანოებთან“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.