„ნაციონალური მოძრაობა“ უახლოვდება ვითარებას, როგორიც წლების წინ პატარა პარტიებს ჰქონდათ, ეს ნიშნავს, რომ ალბათ, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და გვჭირდება პროცესების რეფლექსია, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკითხვა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი.“
ამასთან, სამნიძის თქმით, დღეს საზოგადოებაში, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ გამეფებულია უიმედობის გრძნობა, რის დამკვიდრებასაც, თავის მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მცირე ოპოზიციურ პარტიებს, გასული წლების განმავლობაში, დაბალი რეიტინგი ჰქონდათ, თუმცა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, რეიტინგების მიხედვით, ეს პარტიები საერთოდ გაქრნენ.
რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სამნიძის შეფასებით, ეს პარტია უახლოვდება იმ დაბალ ნიშნულს, რაც წლების წინ მცირე პარტიებს ჰქონდათ.
„NDI-ის გამოკითხვა არის დასტური, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამეფებული. არ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც ნდობა აქვს და მოლოდინი, რომ რაიმე ხალხისთვის და საზოგადოებისთვის კეთდება.
ისიც მძიმედ წასაკითხია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვისაც რთულია თქვას, რომ ოპოზიციური სპექტრი არის საზოგადოებაზე ორიენტირებული.
ყველა მხრივ ნეგატიური შეფასებაა, ყველა ინსტიტუტს დაკარგული აქვს ნდობა. საზოგადოება ვერ ხედავს ვერცერთ ინსტიტუტს, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ის, საითკენაც მიჰყავდა ვითარება „ქართულ ოცნებას“, რომ ადამინებს ჰქონდეთ განცდა: „აზრი არ აქვს არაფრისთვის ბრძოლას, რადგან არვინ ჩვენს გვერდით არ დადგება“. ეს ჩანს ამ კვლევაში.
ერთადერთი პოზიტიური, რაც დავინახე, მოლოდინი და პოზიტიური განწყობა არის იმის მიმართ, თუ პოლიტიკური პარტიები ითანამშრომლებენ. პოლიტიკა დაცლილია პოლიტიკისგან და დიდი ხანია ეს პროცესი მიდის. „ქართული ოცნების“ მიზანიც ეს იყო, რომ პოლიტიკისგან დაცლილიყო პოლიტიკური პროცესი და ამან გამოიწვია ისიც, რომ საზოგადოება ახლოს ვერ ხედავს პოლიტიკურ პარტიებს.
პოლარიზაცია არის ამის ერთ-ერთი საფუძველი, ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პრობლემა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ დაბალი მაჩვენებელი წინა კვლევებში, „ნაცმოძრაობას“ შედარებით დიდი, თუმცა, დღეს პატარა პარტიები საერთოდ არ ჩანან ამ კვლევაში. „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოვდება პატარა პარტიების ვითარებას, როგორიც წლების წინ პატარა პარტიებს ჰქონდათ. ეს ნიშნავს, რომ ალბათ, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და გვჭირდება ამ პროცესების რეფლექსია, - რა გზა გამოვიარეთ, რამდენად თანმიმდევრული ვიყავით, რამდენად მივიტანეთ სათქმელი საზოგადოებამდე. ვფიქრობ, რომ ეს კვლევა არის იმის საფუძველი, რომ ოპოზიციური პარტიები ამაზე დაფიქრდნენ, შეცდომები ბევრი იყო. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რა ნაბიჯებიც გადადგეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ეს არის გასაანალიზებელი. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა არის, ყველა თვლის, რომ საკუთარი ბრძოლაა მხოლოდ ჭეშმარიტი გზა და ყველა სხვა პარტიის არჩეული გზა არის ის, რომ აზრი არ აქვს ან არასწორია, - ამ ტიპის დამოკიდებულებამ შექმნა ეს განცდა საზოგადოებაში. ვიდრე არ დავინახავთ, რომ პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანია მოთმინება და არ შეიძლება მოლოდინების ისე მაღლა აწევა, რომ იმედგაცრუება გამოიწვიოს, სანამ არ დავინახავთ, რომ ყველას ბრძოლას აქვს აზრი, ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდა და პარლამენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება, ხათუნა სამნიძემ აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება ტექსტზე უკვე შეთანხმებული იყვნენ, თუმცა, შემდეგ შინაარსი უცებ შეიცვალა.
სამნიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მხოლოდ ერთი რეზოლუცია უნდა მიიღოს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ემხრობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ორი რეზოლუცია დარეგისტრირდეს.
„ამ მოლაპარაკების გრძელ პროცესში ყველაფერი მიდიოდა ძალიან პოზიტიურად, კონსტრუქციულად და პრობლემა არ ჩანდა, უცებ ყველანაირი არგუმენტის გარეშე „ოცნება“ ამბობს, რომ „არა! ეს არის ტექსტი, წამოგვყევით და ხმა მოგვეცით, არ გვაინტერესებს, იქნებით თუ არა თანაავტორები, არაფერს ამ ტექსტში არ შევცვლით“. ეს ძალიან ჰგავს იმას, როდესაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს, დარეკავს და მოგცემს დირექტივას, რომ სიტყვა „რუსეთი“ ტექსტში არ იყოს. როდესაც ამას არგუმენტები არ მოჰყვება, ეს არის ბრძანება, მითითება, მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში, როდესც აღმოჩნა „ქართული ოცნება“, არგუმენტებიც არ ჰქონდა. ჩვენ შევთნხმდით ყველაფერზე, რაც ტექსტში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდით, არ არის ტექსტი ძლიერი, ვთქვით, რომ ოღონდ ჩავწეროთ მკაფიოდ, არა ორაზროვნად, რომ სამხედრო მოსალოდნელი აგრესია მოდის რუსეთიდან - მხოლოდ ამის ჩაწერაზეც თანახმა ვიყავით, ოღონდ თანაავტორი გავმხდარიყავით. ახლა მას აქვს ერთპარტიული მმართველობა, მთლიანად დამოკიდებულია საკუთარი არაფორმალური ლიდერის პოზიციებზე და მისი პოზიციაა, რომ არა თუ რუსეთის გაღიზიანება, ხსენებაც კი არ იყოს.
თუ ამ ფრაზის თქმის და ტექსტში ჩაწერის ეშინია ხელისუფლებას, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას, რადგან ეს არის ქვეყნის პოზიციონირების საკითხი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება არანაირი რეზოლუციას არ მიიღებდა, რომ არა ოპოზიციის ერთობლივი მოთხოვნა და ინიციატივა. არ ვემხრობი იმას, რომ პარლამენტში ორი რეზოლუცია იყოს დარეგისტრირებული. ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი. ოპოზიცია საკმარისი რაოდენობის ვართ პარლამენტში და როგორც ვიცი, ამას ეთანხმებიან ჩემი კოლეგები ოპოზიციაში. ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ ამ ტექსტში გაჩნდეს ჩანაწერი რუსეთის ფედერაცია. საკომიტეტო მოსმენაზე დავაყენებთ ალტერნიტიულ წინადადებებს, რა შესწორებები უნდა შევიდეს ამ რეზოლუციაში, ეს იქნება საჯაროდ წარმართული პროექტი და აღარ იქნება დახურულ კარს მიღმა“, - აღნიშნა სამნიძემ.