დათოს ფეხი არავისთვის უტკენია, მაგრამ ალბათ, რუს ოლიგარქს გული ეტკინა, როდესაც რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დავით კირკიტაძის მიმართ ბრალის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემებით დაკავდნენ, დაკავებულები არიან ოპონენტების დევნით.
"ამ ფურცლებზე გადღაბნილია, რომ თითქოს დავით კირკიტაძემ ტკივილი განაცდევინა და მიაყენა პროვოკატორს ფეხის არეში. ამის ექსპერტიზის დასკვნა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და მე ვიცი რაც ეტკინა და ხალხიც მიხვდება რაც ეტკინა "ქართულ ოცნებას". რამდენიმე დღის წინ უმრავლესობა დაკარგა "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში და ეს ეტკინა, ახალი არჩევნები აქვთ და იციან, რომ დათო კირკიტაძე აუცილებლად რუსთაველების გვერდზე იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ყველაფერი ეტკინა "ქართულ ოცნებაში" აი, აქ ვინც წერია იმ ვიღაც ტიპის გარდა. იმას რომ არაფერი სტკენია, ცხადია და ჩანს იქიდან, რომ 5 თვის შემდეგ გაახსენდა ეს ტკივილი, რომლის არანაირი დასკვნა არ არსებობს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
დავით კირკიტაძეს რუსთავის პოლიციის განყოფილებაში ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.