იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებლი 26 ათასზე მეტი იქნება.
„თუ სამშაბათს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იქნება 26 000-ზე ნაკლები, ჩვენ შეგვეძლება, მეტ-ნაკლებად თამამად ვთქვათ, რომ 26 000 იყო ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამშაბათს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს – ხუთჯერ მეტი ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის სადღაც, 28-30 000 ინფიცირებული დღე-ღამის განმავლობაში.
იმედი დავიტოვოთ, 2 თებერვლის მაჩვენებელი მაქსიმუმი იყო და შემდეგი დღეების მანძილზე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა „ომიკრონი“ იმდენად არაპროგნოზირებადია და მატება იმდენად მაღალია, რომ უფრო მეტი ალბათობით, მომდევნო კვირას ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ჩხაიძემ პირველი არხის ეთერში.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შემაკავებელი ზომები შეიძლება, აღმოჩნდეს შედეგიანი ასეთი უკონტროლო გავრცელების დროს, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონს“ სხვანაირად შეიძლება, დავარქვათ უკონტროლო გავრცელების მუტაცია და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მის გავრცელებას კონტროლი გაუწიოს.
„რა ღონისძიებებიც არ უნდა მიიღონ, „ომიკრონი“ მაინც გავრცელდება და სწორედ უკონტროლოდ ვრცელდება. სხვანაირად, ეს მუტაცია არც ხასიათდება. ეს არის მისი ძირითადი თვისება. ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ის, რაც ახლა გვჭირდება და უცილებლად გვაკლია, არის კონტროლი პირბადის ტარებაზე.
„ჩვენ თუ არ გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ხელს ვერ ვუწყობთ ვაქცინაციას და ჯერ არის ვაქცინაციის ეს ეროვნული გეგმა, რომლის ამოქმედებას ველოდებით, ალბათ, პირბადის ტარების კონტროლი იქნება ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულწილად შემცირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
„თქვენ თუ გაიკეთებთ ვაქცინას და ეს არის მესამე, დამატებითი დოზა, 99,8%-ით ხართ დაცული გარდაცვალებისგან. ერთი პროცენტი არის რისკი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც 65 წელზე მეტი ასაკი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.