7 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტსა და მის ფრანგ კოლეგას შორის გამართული შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ნეიტრალიტეტი შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი ავრცელებს. Dailymail-ის წყარო, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანია, აცხადებს, რომ ამ „სამშვიდობო წინადადების“ შესახებ პრეზიდენტ მაკრონს კონსულტაცია ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან არ გაუვლია.
„ის თავის საქმეს აკეთებს, ჩვენ არ ვიცით რა ხდება. ის ნატოს პოზიციებს გასცდა, მაგრამ საინტერესოა, ეს როგორ გამოვა, როცა დაახლოებით 130 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ შეტევისა და კიევის აღებისთვის მზადაა“, - აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.
კიევში უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და უკრაინას მოლაპარაკებების „შესაძლებლობასა“ და ომის თავიდან ასაცილებლად „კონკრეტულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს“ ხედავს.
მაკრონის მიერ გაჟღერებულ ნეიტრალიტეტის წინადადებას მხარს არც ნატო და არც უკრაინის მთავრობა არ უჭერს.
შეგახსენებთ, უკრაინის კრიზისის გამო დაძაბულობის განსამუხტად ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს ჯერ პუტინს მოსკოვში ეწვია, შემდეგ კი, 8 თებერვალს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.