„ვადამდელი არჩევნები აჩემებული კი არ მაქვს, უბრალოდ კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ვხედავ“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, წარსულზე შეთანხმება და შეფასება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია არა მხოლოდ წარსულზე საუბარი, არამედ იმაზე როგორ მოხდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.
ბურჯანაძის თქმით, აინტერესებს პრეზიდენტის ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე.
ნინო ბურჯანაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გზად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს.
„დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოვისმინო პირველად ინფორმაცია იმ შედეგებისა, რომელიც ალბათ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს. მას ჰქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და ალბათ გარკვეული შემაჯამებელი მოსაზრებები იქნება მისი მხრიდან წარმოდგენილი.
მე პირადად რაც მაინტერესებს არის თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან, როგორ ხედავს ამას პრეზიდენტი და პრეზიდენტის მიერ მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლები. წარსულზე შეთანხმება და შეფასება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია არა მხოლოდ წარსულზე საუბარი, არამედ იმაზე, როგორ გამოვიყვანოთ კრიზისიდან ქვეყანა.
ისტორიული რაკურსები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ეს პრიორიტეტი ვერ იქნება. ამიტომ ველოდები იმას, თუ რა გეგმა დაინახა პრეზიდენტმა სხვადასხვა ძალებთან შეხვედრის შემდეგ, რა გეგმა შეუძლია მან შემოგვთავაზოს და როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.
ჩემთვის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს იმისათვის, რომ ვხედავდე რა კრიტიკულ მდგომარეობაშია ქვეყანა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
გარწმუნებთ, რომ ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნებია და ჩემი აზრით, პრეზიდენტის ამ დისკუსიებმა ხელი უნდა შეეწყოს პოლიტიკური პარტიების შეჯერებას იმ პოზიციაზე, თუ როგორ მოვახერხოთ ჩრდილოვანი მმართველობიდან ქვეყნის კოალიციურ მმართველობაში გადაყვანა.
თუ ვინმეს სხვა რეცეპტი აქვს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ კრიზისიდან, მაშინ მოვისმენ, მე ვერ მოვისმინე ვერანაირი სხვა რეცეპტი, რა შეიძლება იყოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობა ვადამდელი არჩევნების გარდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე.