მე და სააკაშვილს შიდა საქმეებზე არ გვილაპარაკია, მაშინ მისთვის მწარე სიმართლე უნდა მეთქვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
მისი თქმით, სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეშია ამ საკითხებზე მისი მხრიდან საუბარი არაეთიკურია.
“ჩვენ [მას და მიხეილ სააკაშვილს] შიდა საქმეებზე არ გვილაპარაკია. იმიტომ, რომ მაშინ მე საპყრობილეში მყოფი ადამიანისთვის, ვისთანაც მე 5, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლები გავატარე და მოკრძალებულად რომ ვთქვა, შედეგებიც გვქონდა, მაშინ მე მისთვის ბევრი მწარე სიმართლე უნდა მეთქვა. მე ამის უფლებას ჩემ თავს არ მივცემდი და ის როგორც თავშეკავებულ და ფაქიზ ადამიანს, ჩემთვის ეს შეკითხვები არ მოუცია და არც სჭირდება, რომ მომცეს, რადგან ის ბევრ რაღაცას მშვენივრად ხვდება.
სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეშია, ამაზე ლაპარაკი არაეთიკურია. ციხეში შესვლამდე მასთან ბოლო საუბარი მქონდა 2020 წლის ივლისში. არ იყო ეს რიგითი საუბარი. ვუთხარით ერთმანეთს, როგორ წარმოგვიდგენია მომავალი. ვერ შევთანხმდით. საუბარი ისეთი იყო, როგორც ორ – ერთს მეგრული და მეორეს იმერული ტემპერამენტის ადამიანს შეეფერება. მისი ყველა შეცდომა თუ გადაცდომა ვერ წაშლის იმ ისტორიას, რომელიც მან გააკეთა,” – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, 2 დღის წინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა აშკარა იყო, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად იყო დამძიმებული იმასთან შედარებით, როდესაც ის პირველად მოინახულა ციხეში.