ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ. გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი მანანა ჯებაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარებას მოითხოვს.
„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა. მივმართავთ, ასევე, საქართველოს ხელისუფლებას, რომ პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოიძებნოს უცხოეთში, მას უნდა მიეცეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება“, - აცხადებს მანანა ჯებაშვილი.
კლინიკების ასოციაციის დამფუძნებლის, ვილი პაჭკორიას თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი დროულად მოთავსდეს ევროპის სამედიცინო დაწესებულებაში.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დროულად იქნეს გადაყვანილი ევროპის ან ამერიკის განვითარებული ქვეყნების იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდება მისი სრულფასოვანი მკურნალობაც და რეაბილიტაციაც“, - აღნიშნავს ვილი პაჭკორია.