გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც სამშაბათს მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა მოსკოვში, უარი თქვა COVID-19-ის რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე.
ამის ნაცვლად შოლცმა რუსეთში ჩაფრენის შემდეგ ანალიზი გააკეთებინა ექიმს გფრ-ს საელჩოდან, მაგრამ რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანდასწრებით. ამას გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa აღნიშნავს გერმანიის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით.
კორონავირუსის ტესტი სავალდებულო მოთხოვნაა კრემლში სტუმრობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.
შეხვედრამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინისა და შოლცის შეხვედრა მართლაც უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება და რომ ლიდერებს შორის ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორება იქნება. „მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს არც შეხვედრის ხასიათზე, არც მის შინაარსიანობასა და არც ხანგრძლივობაზე“, – თქვა პესკოვმა.