„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „TV პირველის“ ეთერში უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში არ დაიწყებს ფართომასშტაბიან ომს, რადგან ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის საზიანო იქნება.„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა კიევზე მიიტანოს იერიში და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს უკრაინაში. ჩემი აზრით, ის რაც დღეს ხდება, არის სულ სხვა დღის წესრიგის შედეგი. არ მესმის რატომ უნდა დაიწყოს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი. რა პოზიტივი შეიძლება მოუტანოს რუსეთს უკრაინაში ომმა. გამორიცხულია, მხოლოდ კატასტროფა იქნება რუსეთისთვის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ომი არ იქნება. უბრალოდ, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური ძვრების ნაწილი, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა, ევროპაში უსაფრთხოების არსებული სისტემა შეიცვალოს“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.
ბურჯანაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეზოლუციაშიც ვერ გაბედა რუსეთის ხსენება.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას არაფერში არ წაადგება. მათ შორის უკრაინის კრიზისთან მიმართებით დავინახეთ, რომ ვერც ერთ ვითარებაში ადეკვატურად ვერ იქცევა. არ ვამბობ იმას, რომ უკრაინაზე მეტად უნდა გვეაქტიურა, მაგრამ ზომიერება ერთია და მონური დამოკიდებულება მეორე, როცა იმასაც ვერ ახერხებ, რომ სიტყვა რუსეთი რაიმე კონტექსტში ახსენო, მათ შორის რეზოლუციაში. თუნდაც იმ ფორმით, „ვიმედოვნებ რუსეთ-უკრაინას შორის არ მოხდება კონფლიქტი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან, ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ასეთ ვითარებაში სად არის ოპოზიცია. ბურჯანაძემ ოპოზიციას ერთიანობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ერთიანი გეგმა არ აქვს.
„ამ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას. სამწუხაროა, რომ ამ კითხვის დასმა გიწევთ. ძალიან ობიექტური კითხვაა, არ ჩანს ოპოზიციის აქტიურობა, არ ჩანს ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ქვეყნის შიდა და გარე საკითხებთან მიმართებით. არ ჩანს ოპოზიციის ერთიანი გეგმა, როგორ გავწიოთ ეს ხელისუფლება გვერდზე და მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, რომლის მოპოვების ბოლო შანსი არის ახლა, 2022 წელს.
2023 წელს რომ დავიწყოთ ძახილი ვადამდელი არჩევნები დანიშნეთო, თუ მთლად არ ჩამოიქცა ქვეყანა, უბრალოდ, ჩვეულებრივ ვითარებაში ეს სასაცილოც კი იქნებოდა. ამ ვითარებაში, როცა ჩვენ მხოლოდ 2022 წელი გვაქვს, ან ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ ან ყველაზე უარეს ვარიანტში, ისეთი მექანიზმები მაინც შევქმნათ, რომელიც 2024 წელს ვერ გააბედინებს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოპარვას. ამ ვითარებაში ჩვენ ვართ ისე, რომ ხალხი და მათ შორის ჟურნალისტები, კითხულობს, „სად ხართ ოპოზიცია?“. რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არის კონსოლიდირებული, არ არის კოორდინაციაში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.