სომხეთის სკოლებში, შესაძლოა, ქართული ენა ასწავლონ. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრმა ვაგრან დუმანიანმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მისი თქმით, სომხეთის საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლებში, შესაძლოა, აზერბაიჯანული ენის სწავლება მოხდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენი რეგიონის ენების და კულტურის შესწავლის პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვსურს, რომ ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის შესწავლა მოხდეს. აზერბაიჯანული ენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. რაც შეეხება ქართულ ენას, ამის შესწავლის დანერგვა გვსურს, ოღონდ ეს არ იქნება ყველგან და არ იქნება სავალდებულო“, - განაცხადა მინისტრმა.
დუმანიანმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას თუ რატომ იქნა არჩეული კონკრეტულად ქართული ენა.
ცნობისთვის, რადიო „აზუთუთიუნის“ ინფორმაციით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთის საზოგადოებაში განიხილებოდა საკითხი სკოლებში აზერბაიჯანული ენის შესწავლის შესაძლებლობის შესახებ.