ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვაშინგტონიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
დეგნანი მიმართვაში საუბრობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აშშ მუშაობს მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე, რაც რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად.
ამასთან, აშშ-ის ელჩის თქმით, „ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას“ და სწორედ ამიტომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით აშშ-მ დაიწყო უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, რაც მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გაგრძელდება თბილისში დაბრუნების შემდეგ.
„სულ მალე დავასრულებ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების კვირას ვაშინგტონში და მოუთმენლად ველი კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნებას.
ვაშინგტონში ყოფნისას შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ, დროც განსაკუთრებით კარგად იყო შერჩეული, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
მსურს, გაგიზიაროთ ვაშინგტოში მიღებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე.
პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი მუშაობს მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვასინგტონში გამგზავრებამდე.
ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა. შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს.
ამ კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ - სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტერგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.