უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ათასზე მეტი უცხოელი უკვე მიდის უკრაინაში, რათა შეუერთდეს უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინაში უკვე მოდიან მოხალისეები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან უკრაინელ ხალხთან ერთად იბრძოლონ აგრესორის წინააღმდეგ. მათმა რაოდენობამ უკვე ათასს გადააჭარბა“, - აღნიშნა კულებამ.
მინისტრმა, ასევე, დასძინა, რომ მოხალისეების განცხადებების მიღება გრძელდება.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტიდან უვიზო რეჟიმი შემოიღო უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონში გაწევრიანება. უვიზო რეჟიმი მოქმედებს საომარი მდგომარეობის ვადით.