კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქში დარჩენილი ორი მილიონი კიეველისთვის საჭირო საკვები პროდუქტების ორკვირიანი მარაგი მოგროვდა. ამის შესახებ ნათქვამია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.„ქალაქი მზადაა ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გავიდა, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მარტო არ დარჩება. ქალაქის ხელისუფლებამ ბიზნესთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა მაღაზიების და აფთიაქების გასახსნელად, ხოლო ფასები შენარჩუნდა ხელმისაწვდომ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქი მადლობას უხდის უკრაინელ და უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც შეძლეს დიდი და პატარა მაღაზიებისთვის უმოკლეს დროში მიეწოდებინათ ყველაზე საჭირო პროდუქტი.