ოპოზიციის დიდი ნაწილი მმართველი პარტიის განაცხადს იზიარებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით არ უნდა მოხდეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, ვინც საქართველოს აგრესიის განხორციელებისკენ მოუწოდებს, უპირისპირდება საქართველოს გაცხადებულ კურსს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ქვეყანა მხოლოდ თავდაცვით ზომებს მიიღებს.
„საქართველოს აქვს გაცხადებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით ზომებს მიიღებს სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოს სთხოვს, რომ აგრესია განახორციელოს, უპირისპირდება როგორც საქართველოს გაცხადებულ კურსს, ასევე საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში“, - განაცხადა აქუბარდიამ.