მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება?! - ნუ ჩაყვებიან „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მამა-მარჩენალს სანქციები ელოდება“.
„ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკული პროექტით ამერიკელების დაფინანსებით. გვარამიას საქმე რომ შეასრულა ხომ აღარ მიდის?! ეს შემდგარი ფაქტია, რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, თალაკვაძემ და ნებისმიერმა. რა მნიშვნელობა აქვს, მიდიოდა და აღარ მიდის. მოსამართლეები ნერვიულობენ და უნდა ინერვიულონ. მინდა ვუთხრა, ნუ ჩაჰყვებიან „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ხვალ, ან ზეგ თქვენ მამა-მარჩენალს სანქციები ელოდება, თანხის ნაწილი დასანქცირებული აქვს, შვეიცარიის ბანკი არ აძლევს ამ თანხას, ნაწილს კიდევ ეჭვი მაქვს, რომ დაუსანქცირებენ. ამასობაში, მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც რუსული ფულის პროპაგანდით ხართ დაკავებული, სერიოზული პრობლემა გექნებათ. ამ მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება?! ნუ ჩაჰყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს იყო დასაწყისი“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, „მმართველ გუნდს ჩამოუყალიბდა შემდეგი მიდგომა - კმაყოფილები იყავით, პური არ გაქვთ, მაგრამ სანახაობა ხომ გაქვთ?!“
„თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ: ზეთი გაძვირდა?! - არა უშავს, პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მყავს ციხეში. საწვავი ღირს 4 ლარი? - მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირეთ?! კიდევ უფრო გაგიჭირდათ, ხალხი ქვეყნიდან გარბიხართ? - ტყვეობის გარდა, მესამე პრეზიდენტს ვკლავთ! იცით, რა, კმაყოფილები იყავით, პური არ გაქვთ, მაგრამ სანახაობა ხომ გაქვთ?! ამიტომ ნუ ინერვიულებთ! ეს მიდგომა ჩამოგიყალიბდათ - ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემასა და ხალხზე არ გაფიქროთ ადამიანებმა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.