ვფიქრობ, კობახიძემ კარგად შეისწავლა ადამიანების, რაც შეიძლება დაუჯერებელი ტყუილებით კვება, შემიძლია „ქართული ოცნების“ სპიკერებს ვუწოდო გებელსის ღირსეული მოწაფეები - არ არსებობს ოპოზიციონერი, რომელსაც უთქვამს, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უცხოეთში სულ ცხვირში იღებენ მუშტს, უბრალოდ არ იმჩნევენ და რომ ჩამოდიან, აქ კობახიძეს ალაპარაკებენ.
,,უბედურებაა ასეთი მმართველი პარტია, რომელსაც თავმჯდომარედ ჰყავს კობახიძე. კობახიძე ახალგაზრდა კაცის პიროვნული ტრაგედიაა....ბრიუსელში რომ ჩადიან არიან „ფაფუკები“, შემდეგ ჩამოდიან აქ და ალაპარაკებენ კობახიძეს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ აშშ ან ევროკავშირი მათი წესებით ითამაშებს, რაც ევროკავშირის დამუნათების მცდელობად აღიქმება.
,,ჯერ გადაწყვეტილი არ არის უკრაინა მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რა სტატუსსაც მიიღებს უკრაინა, იმავე სტატუსი მიიღოს საქართველომ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დარჩენილ პერიოდში იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს ევროპული პერსპექტივის მიღმა. ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. უცხოეთში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე არის დიდი იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაზე ან ხალხზე აისახოს.
არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში თუ არ ვთამაშობთ ევროკავშირის წესებით. ეს წესები განსაზღვრული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და გაგვიჩნდა განცდა, რომ რისკები მაღალი იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო, რომ ეს შეთანხმება შესრულებულიყო, რომელიც შემდეგ ფეხქვეშ გათელა „ქართულმა ოცნებამ“. რა გახდა, ბარემ მოგვეცით კანდიდატობა, ეს ხომ დამატებითი ხარჯი არ არის - ეს სერიოზული განცხადებაა? ეს არის ევროკავშირის დამუნათების მცდელობა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ აშშ ან ევროკავშირი „ქართული ოცნების“ წესებით ითამაშებს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.