ერთი განცხადება მაინც რატომ არაა „ქართული ოცნების“ მეგობარი ან ალიანსში მყოფი ევროპარლამენტის წევრის? - ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს წარმატებული, ძალიან ძნელია მათი ლობირება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ევროპარლამენტში „დერეფანში მოსიარულეების“ უფრო სჯერათ, ვიდრე „ქართული ოცნების“, მაშინ მათაც დაიქირაონ ლობისტები.
„დადის ოპოზიცია და აბეზღებსო, სალომე სამადაშვილმა რაღაც თქვაო, რაღაც თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავთ, რომელიც ტყუილია. ვიღაც დერეფნებში დადისო, თუ დერეფნებში დადის და მისი უფრო სჯერათ და მთავრობის არ სჯერათ და მისი არაფორმალური მმართველის, რომელსაც 5 თუ 6 მილიარდი აქვს, ერთი ლობისტი დაიქირაონ იმ დერეფანში. დერეფანში სიარულს ლობისტი ჰქვია, სად არიან მათი ლობისტები? მაგრამ როგორ უნდა ლობირებდე ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი არ აქვს წარმატებული, ძალიან ძნელია ლობირება. ერთი განცხადება მაინც რატომ არაა მათი მეგობარი ან ალიანსში მყოფი, პარტიის კი არა, ევროპარლამენტის წევრის?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ეს ნიშნავს, რომ „ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა არ გაიხარებს“.
„თუ ჩვენ უარი გვითხრეს ეს პირდაპირ სიგნალი იქნება, რომ ამ ხელისუფლების ხელში ქვეყანა არ გაიხარებს, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ არ დაისჯება ქვეყანა ხელისუფლების გამო. თანაც კანდიდატად მიღებიდან გაწევრიანებამდე არის მრავალი წელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.