ამ წუთებში ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატებს პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მიმართავს. დღეს 6 ივნისს თანაპარტიელები ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. საქმე ეხება Partygate-ის სკანდალს, რომელიც პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს უკავშირდება.
ამ დროისთვის ცნობილია:
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო. მისი ჩატარება სულ მცირე, 54-მა დეპუტატმა, საპარლამენტო პარტიის 15%-მა მოითხოვა.
შედეგები 21:00 საათზე გამოცხადდება. ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერობისა და პრემიერმინისტრობის პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს თუ უმრავლესობა, ანუ 180 დეპუტატი ამას მხარს დაუჭერს.
განხილვის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა დეპუტატებს წერილი მისწერა და მათ მხარდაჭერა სთხოვა. წერილში ჯონსონი აღნიშნავდა, ეს "დაასრულებს მედიის საყვარელ აკვიატებას" და ნებას მისცემს მას "გააგრძელოს თავისი საქმე".
მინისტრთა კაბინეტის წევრების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი ჯონსონს მხარს დაუჭერენ, თუმცა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, რომელიც BBC-ის ინფორმაციით, პარტიის ლიდერობის შესაძლო კანდიდატად მოიხსენიება, თქვა, რომ მხარს დაუჭრს "ცვლილებებს".