გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4200-ს გადააჭარბა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 7 ივნისს განახლებული, დაზუსტებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 6 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4253 სამოქალაქო პირი, მათ შორის 272 ბავშვი.
საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5141 სამოქალაქო პირი, მათგან 433 ბავშვი.
მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მოკლულია 2455 ადამიანი და დაჭრილია – 2938. ამასთან, ამ ორი ოლქის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მსხვერპლი გაცილებით მეტია(2303 მოკლული და 2299 დაჭრილი), ვიდრე რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში(152 მოკლული და 639 დაჭრილი).
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. მათ შორისაა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ.
ipress.ge