მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ. – ამ ის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის ვატიკანში საკონცერტო გამოსვლასთან დაკავშირებულ აზრთა სახვადასხვაობის გამო ვრცელდება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასული ერთ-ერთი გადაცემა, – შექმნა გარკვეული დაძაბულობა.
მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით.
ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.
უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა საჭიროა წარიმართოს საეკლესიო წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედება სასულიერო პირთა მხრიდან.
ნუ დაარღვევთ მაცხოვრის მცნებას, რომელიც ჯერ ურთიერთ შორის საუბარს ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ უმაღლეს საეკლსიო ინსტანციაში გადატანას (მათ.18.15).
მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ.
ცნობისთვის: 29 ივნისს, ვატიკანში, პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილი მესას შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მიერ შესრულებული „შენ ხარ ვენახი“ აჟღერდა. წმინდა პეტრეს ტაძარში, გუნდთან ერთად, პატრიარქის „ავე მარია“ თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. 26 ივნისს საქართველოს ისტორიაში პირველად, დღეს სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა და ქართული გალობა შესრულდა.
ipress.ge