ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევროატლანტიკური მომავლისთვის, აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კელი დეგნანმა თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ იბრძოდა ამ ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და იცავს მათ დღესაც.
აშშ-ის ელჩის თქმით, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს.
როგორც კელი დეგნანი აცხადებს, ეს არ ნიშნავს ომის სურვილს და სრულიად საპირისპიროდ, „თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ“.
"4 ივლისს აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. 246 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხი რჩება ამ პირობის ერთგული, დემოკრატიის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული საქმითა და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის გაწეული ძალისხმევით, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში.
ჩვენ ვიბრძოდით ამ თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და ვიცავთ მათ დღესაც, ვუცხადებთ რა მხარდაჭერას მათ, ვინც თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის, მათ შორის უკრაინაში. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლებას გაქრობისაგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. ის უნდა დავიცვათ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ისინიც ასე მოიქცნენ.“
თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს. ეს არ ნიშნავს ომის სურვილს, სრულიად საპირისპიროდ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ.
ქართველებმა და ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ადვილი საქმე არ არის - იქნებოდა ეს 1776 წლის ამერიკა, თუ 1921 წელი - საქართველოში, ევროპის ორი მსოფლიო ომის პერიოდი, თუ საბჭოთა კავშირის დაშლა. ჩვენ ვნახეთ ეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის დროს და ამას ვხედავთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბარბაროსულ ომში. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის, თანამედროვე წესებზე დაფუძნებულ წესრიგსა, რომელმაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპას 75 წლის განმავლობაში და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის, რომელსაც, სისასტიკე, შევიწროება და შიში მართავს”,- აღნიშნა მან.