რუსეთის ძალების მიერ დონეცკის თავზე მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის MH17 -ის ჩამოგდებიდან დღეს 8 წელი გავიდა, რასაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.
„აქვს თუ არა ბოროტებას რაიმე საზღვარი?
298 უდანაშაულო სული გახდა პუტინის რეჟიმის უსაზღვრო ბოროტების მსხვერპლი“, - დაწერა პოროშენკომ.
MH17-ის ჩამოგდების მერვე წლისთავზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას.
თვითმფრინავის ჩამოგდების რვა წლისთავს გამოეხმაურა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგიც.
მისი თქმით, ავსტრალია ურყევია სიმართლის, სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების ძებნაში.
ცნობისთვის, რუსეთმა უარყო MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობა, მიუხედავად საერთაშორისო გამოძიების დასკვნებისა, რომელიც ოფიციალური მოსკოვის ბრალეულობაზე მიუთითებს. თვითმფრინავის კატასტროფისას ბორტზე მყოფი 298 ადამიანის, მათ შორის 196 ნიდერლანდების, ხოლო 38 ავსტრალიის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.