შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრეცელებს.
უწყების ცნობით, 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი,
2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.