საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც შსს-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება უახლოეს საათებში მოხდება.
„ღონისძიებები გრძელდება. ვინც არის დაშავებული ამოვიყვანეთ, ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
„ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე უკანამ მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.