მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული დაპირისპირებაა. უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი პოლიტიკიდან დიდი ხნის წინ გაუშვა.
„ჩვენმა საზოგადოებამ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დიდი ხნის წინ გაუშვა, უბრალოდ მათ, ამის აღიარების უნარი არ ჰქონდათ. ის, რომ ამ პარტიაში არის ძალიან ღრმა და ძლიერი კრიზისი, ამას თავად ისინიც ვერ მალავენ და მთელი ეს პერიოდი ვუყურებთ როგორც ებრძვიან ერთმანეთს, ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და ესეც მიუთითებს, თუ როგორი „მორალური სტანდარტის“ პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მესვეურები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. სააკაშვილის მეორე ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია.