"აქ ნაცისტები არ არიან" - ასე პასუხობს 83 წლის უკრაინელი, რომან გერშტეინი კრემლს, რომელიც უკრაინაში შეჭრას "დენაციფიკაციის" მიზეზით ამართლებს. ის ჰოლოკოსტს გადაურჩა.
ის პუტინს ახასიათებს როგორც "ნაცისტს", "ყაჩაღს" და "ჰიტლერზე უარესს".
"სინამდვილეში მე ვარ იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი, ვინც ორჯერ იქნა ევაკუირებული ჩერნობილიდან", - თქვა მან.
გერშტეინი AFP-ს ესაუბრა კრივოი როგში, ცენტრალურ უკრაინაში. პირველად ის გაიქცა, როდესაც ნაცისტებმა დაიკავეს მისი მშობლიური ქალაქი ჩერნობილი 1941 წელს, მეორედ 1986 წელს, როდესაც ქალაქი იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული ავარიის ადგილი.
1939 წელს დაბადებული გერშტეინი ორი წლის იყო, როცა მამამისმა ოჯახი ნაცისტებისგან გასაქცევად კიევში ნავში ჩასვა, შემდეგ იქიდან მატარებელით ტაჯიკეთში გადავიდნენ. როცა ოჯახი საბოლოოდ დაბრუნდა ჩერნობილში, აღმოაჩნიეს, რომ ებრაული საზოგადოება აღარ არსებობდა.
კიდევ ერთი უკრაინელი, ლიუბოვ პეტუხოვა, რომელიც ნოემბერში 100 წლის ხდება, იხსენებს, რომ ოჯახთან ერთად გაიქცა ვინიცადან უზბეკეთში. მის სოფელ ბოტვინოში ყველა ებრაელი, რომელიც დარჩა, "აწამეს, მოკლეს", განუცხადა მან AFP-ს.
გერშტეინი და პეტუხოვა უკრაინის ოდესღაც დიდი ებრაული თემის გადარჩენილი წევრები არიან, რომლებმაც გადაიტანეს ჰოლოკოსტისა და კომუნისტური ეპოქის "წმენდების" ისტორია.