ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 9 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმოთ, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა.
„არ მგონია, ახლა შეძლოს, ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, - განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.