„უკრაინაში მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში საქართველოს იცავენ!“ - ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის საშობაო გზავნილში, რომელშიც თანამედროვე მოვლენებზე საუბარი სწორედ უკრაინის თემით იწყება.
„უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება. და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი“, - აღნიშნულია წერილში.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ „განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს.“
„ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ! ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!“ - წერია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილში.
მიტროპოლიტი აქვე შობას ულოცავს „საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფ და უკრაინაში მებრძოლ ჩვენს სულიერ შვილებს.“