მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის [მიხეილ სააკაშვილი] არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა - ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და ოთხი თვეა,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის Spiegel-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, სამწუხაროა, რომ კრემლი თავის სპეცოპერაციას საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებს.
„Spiegel-მა დაბეჭდა [ინტერვიუ] საკმაოდ ვრცლად და ეს უკვე მეტყველებს ძალიან დიდ ინტერესზე დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში. ახლა ყველაზე გავრცელებული ტერმინია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია და ჩემი შვილის შემთხვევაში ასე იყო, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, აეროპორტი იქნებოდა, კაფე იქნებოდა თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა სასწრაფოდ არის აუცილებელი და ეს უსათუოდ უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. რატომ? - იმიტომ, რომ მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა - ჰყავთ ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და ოთხი თვეა, ფაქტობრივად კლავენ. კრემლი აკეთებს ამას, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბევრ საკითხთან ერთად ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ „საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ, საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.
interpressnews.ge