„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმდნენ და უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ფრაქცია მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
მისი განცხადებით, თუკი ვინმე ამბობს, რომ კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, "უბრალოდ იტყუება".
„საპარლამენტო უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის წევრები არიან „ხალხის ძალიდან“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.
თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება“ , - აცხადებს მდინარაძე.
ინფორმაციისთვის, უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.