საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საპარლამენტო დიალოგს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ამ მიზანს ემსახურება ვიზიტი, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო, - ამის შესახებ რუმინეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
„ტრადიციულად, რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. ევროკავშირის მასშტაბით რუმინეთი არის საქართველოს ძალიან აქტიური ხმა შავი ზღვის პარტნიორობის თემებზე. რუმინეთში გამართული და დაგეგმილი შეხვედრები ემსახურება ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრიორიტეტების ამოქმედებას და კონკრეტულად ეს ეხება საპარლამენტო დიალოგს.
რუმინეთი მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროპული ინტეგრაციის გზაზე თავისი გამოცდილებით და მკაფიოდაა გააზრებული ის განსაკუთრებული ღირებულება, რასაც საქართველო მოიტანს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესში. ის აუცილებლობაც კარგად იციან, რაც დღევანდელმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ შექმნა და ეს პირველ რიგში შავი ზღვის ფარგლებში თანამშრომლობას ეხება უსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების და ახალი სატრანსპორტო კორიდორების განვითარებას. ამ საკითხებში რუმინეთი ჩვენი ქვეყნის მოკავშირეა. საქართველოსა და რუმინეთის პარტნიორობას შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს დიდი ევროპული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტშია. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებთან ერთად რუმინელ პარტნიორებთან, დილიდან შეხვედრებს მართავს. პირველად მოეწერა ხელი მემორანდუმს რუმინეთის სენატის ევროპულ კომიტეტს და საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტს შორის, რომლის მთავარი ამოცანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რუმინეთის გამოცდილების გაზიარებაა.