ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან შეთანხმების რატიფიცირების სხდომა ჩაშალა. ამის შესახებ ცხინვალური მედია იუწყება.
კერძოდ, დე ფაქტო პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კვორუმი არ შედგა - 34-დან მხოლოდ 17 ე.წ. დეპუტატი გამოცხადდა. სხდომა პარტიების - „ერთიანი ოსეთი“ და „ ხალხის ერთობა“ წევრებმა გააცდინეს.
დღის წესრიგში რუსეთის საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ცვლილებები, ასევე რუსეთის სახელმწიფო დუმასთან და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის შეთანხმებების რატიფიცირება იყო.
მოგვიანებით დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ სხდომის გაცდენის მიზეზი დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის იგნორირება გახდა. კერძოდ, მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფრაქციამ „ერთიანი ოსეთი“ არაერთხელ მოითხოვა დეპუტატ ალან გაბათისთვის მანდატის ჩამორთმევა. ტადტაევის განმარტებით, ამ მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ გაბათი უკვე 10 თვეა, დე ფაქტო რესპუბლიკიდან გასულია და ამით დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონს არღვევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია პარლამენტის მუშაობის პარალიზებით - ბოლო სამ თვეში დე ფაქტო პარლამენტმა მხოლოდ ერთი სხდომა გამართა.
ოკუპირებულ რეგიონში აღნიშნული მოვლენები დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის მოსკოვში ვიზიტის ფონზე განვითარდა. გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინ - 16 მარტს შეხვდა. კრემლის ინფორმაციით, მათ შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
დღეს კი გაგლოევი რუსეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა.