ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში გვეუბნებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა დარეგულირდეს, რათა უხეშად არ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ზოგადად, გამოცდილება დეოლიგარქიზაციის კანონის გარშემო ნაკლებად არსებობს. სხვადასხვა რეგულაცია არსებობს მსოფლიოში, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს მონოპოლიური უფლება ბიზნესის ან მედიის გარკვეულ სექტორზე. ამით ხდება ზოგადად, რეგულირება, რომ თამაშის წესები მეტ-ნაკლებად თანაბარი იყოს. ზოგადად ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რომელიც მდიდარიც არის და ქველმოქმედებას ეწევა რომ აუკრძალო პოლიტიკასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან პირდაპირი შეხება, ასეთი შეზღუდვები არ არსებობს, ესაა დემოკრატია. იმიტომ, რომ როცა გაჩნდა კაპიტალი, სხვა ინტერესის მატარებელი სოციალური ჯგუფები, მაშინ შეიქმნა დემოკრატია. ამიტომ ძნელია, რომ შენ დღეს ვიღაც ადამიანი მექანიკურად ამოაგდო პოლიტიკური პროცესიდან. ამიტომ გვეუბნებიან ვენეციის კომისიიდან მოსულ რეკომენდაციებში, რომ ეს კანონი იყოს გავრცობილი, რათა სხვადასხვა მარეგულირებელი დოკუმენტით დარეგულირდეს ან არსებულ კანონპროექტში ჩავდოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც უხეშად არ დაარღვევს კონკრეტული ადამიანის უფლებას და არ იქნება მისი საქმიანობა დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობაში“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.