ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შესახებ, სადაც მან მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.
პაატა მანჯგალაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ჭეშმარიტება გაიმეორა, როდესაც თქვა, რომ „ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი“.
„პრეზიდენტმა, როგორც იქნა გაბედა, წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და კარგია, რომ ოლიგარქად აღიარა [ბიძინა ივანიშვილი]. ახლა, სალომე ზურაბიშვილმა საუბარი უნდა დაიწყოს იმაზე, რომ როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას არამხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.