ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი,
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს.
როგორც ქუმსიშვივლმა განმარტა, სესხების ლარში გადატანა 31 ათას მსესხებელს მოიცავს სრულად, ხოლო - 2 ათას მსესხებელს, ნაწილობრივ.
„მთლიანად კომერციული ბანკების სისტემაში ჩვენ დღეს გვყავს 75 ათასამდე მსესხებელი, რომელიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. პორტფელზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის 400 მილიონი დოლარის პორტფელი ჯამურად, რასაც გალარება შეეხება. ეს თანხა რეალურად ბაზარზე აღარ იქნება მოთხოვნილი, ვინაიდან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა.
შესაბამისად, თუ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა ეყიდათ ვალუტა თავისუფალ ბაზარზე და ბანკში დაეფარათ სესხი, ამ ტრანზაქციის შესაბამისად ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე და დაუფარავს ღია სავალუტო პოზიციას. აქედან გამომდინარე, 400 მილიონი დოლარის ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალუტის სტაბილიზაციას მიეხმარება. მე არ მინდა ეს პირდაპირ მივაბათ ვალუტის კურსს, იმიტომ, რომ გაცვლითი ვალუტის კურსი არის თავისუფალ ბაზარზე, როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდება და მეტწილად ვაჭრობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით დასაშვები იქნება 100 ათას ლარამდე სესხის გაცემა.
„ეს არის სწორედ ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად მოუწია ლარის გაუფასურებაში მოხვედრა. ვინაიდან 2017 წლის 1 იანვრიდან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით დასაშვები იქნება 100 ათას ლარამდე და გაიცემა მხოლოდ ლარებში, შესაბამისად, ასეთი ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა მომავალში ვეღარ გაიზრდება და ნელ-ნელა შემცირდება.
ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან, ეს ზღვარი ავა უკვე 200 ათას ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებულებას ვალუტის რყევებთან დაკავშირებით პრაქტიკულად მთლიანად მოვხსნით. ეს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს მისცემს საშუალებას, გაატაროს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაც“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.