კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში 4 საწარმოს ეწვია.
„კამპაში“ „კულაში“ და „ქარელის ხილის“ კომპანიაში, პრეზიდენტმა თავად უმასპინძლა ჟურნალისტებს, ქართული სასაუზმე კონსერვები დააგემოვნა და პროდუქციის წარმოების პროცესში ჩაერთო.
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში მდებარე კომპანია „დინასტიაში“, კი, გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, თავად შეფუთა დაფასოებული ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა და მის ეტიკეტირებაში მიიღო მონაწილეობა.
„სოფელ დვანში, სულ ახლოს საოკუპაციო ზოლთან გოგა ჩანადირთან და ტარიელ ზივზივაძესთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი - ეს არის ამ ადამიანების მიერ დაწყებული ინიციატივა, ეს არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, არამედ საზოგადოებისაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ.
ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა დასუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია -„მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.