ახალი 10-ლარიანი ბანკნოტი მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან ჩაეშვება. შესაბამის დადგენილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უკვე მოაწერა ხელი.
"2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და №2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2019“. საქართველოს ტერიტორიაზე 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად",- ნათქვამია დადგენილებაში.
განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან "გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები "იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.