საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კერძოდ, პირველი მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.
15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.
აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.